პრეზიდენტი და პრემიერი სამეფო ოჯახს ელისაბედ II-ის გარდაცვალებას უსამძიმრებენ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეფო ოჯახს გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებას უსამძიმრებენ.

„გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში  უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ელისაბედ მეორემ საკუთარი სიცოცხლე თავის ხალხს, ერს და თანამეგობრობას მიუძღვნა. ის დემოკრატიისა და ღირსებისადმი შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითია, რამაც მას ისტორიაში უნიკალური ადგილი დაუმკვიდრა. ჩემი ფიქრები და ლოცვა სამეფო ოჯახისკენაა მიმართული“,- წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე.“

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს, 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს.

პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა.

„დედოფლის გარდაცვალების მომენტში ტახტი დაუყოვნებლივ და ცერემონიის გარეშე გადაეცა მემკვიდრეს, ჩარლზს, უელსის ყოფილ პრინცს”, — წერს BBC.