საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. 13 სექტემბერს ის „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერს, ნიკა მელიას შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იაგო ხვიჩიამ მედიას უთხრა, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს იმპიჩმენტის საკითხს. მისივე თქმით, არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, „ოცნებამ“ იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად ხალხი გადაიბიროს.
„ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და იმას თუ როგორ ვუყურებდით ჩვენ არსებულ რეალობას როგორც იმპიჩმენტის ნაწილს, ისე ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ზოგადად ჩვენი პოზიცია რა იყო ჩვენს პარტნიორებთან და იყო თუ არა თანხვედრაში პრეზიდენტის დამოკიდებულებასთან. განსხვავებული აზრი ბევრი არ გვქონია არსებულ სიტუაციასთან და დასავლურ მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ნიკა მელიას განცხადებით კი, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რაც შეიძლება საქართველოს მოქალაქეს აწუხებდეს.
„მე რა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არა. შესაძლებელია, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სჯერა, რომ აქ შეხვედრები იმიტომ იმართება, თითქოს, გარანტირებულად არ მოხდეს ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი და ხმები არ ეყოს, ყველაზე ნაკლებად ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ამ საკითხთან მიმართებაში აბსოლუტურად მშვიდი იყო“, – განაცხადა მელიამ.
სალომე ზურაბიშვილი, მესამე დღეა, ოპოზიციის წევრებს ხვდება.
გუშინ მასთან აუდიენციაზე იმყოფებოდნენ: ენმ-ის წევრი, ანი წითლიძე, „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი და „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. შეხვედრას ესწრებოდა ხატია დეკანოიძეც.