საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან ონლაინშეხვედრა გამართა.
შეხვედრის თემა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო. შეხვედრის მონაწილე ემიგრანტებმა პრეზიდენტს გაუზიარეს, რომ ისინი თავიანთ ქალაქებში საარჩევნო უბნების გახსნას მოითხოვენ და საკონსულოებსაც მიმართავენ, თუმცა – უშედეგოდ.
პრეზიდენტმა მათ მოუწოდა, რომ უკვე უნდა დაიწყოს არჩევნებში მონაწილეობისთვის სამზადისი.
„დიასპორაში დღეს დაახლოებით, ჩვენი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. აქამდე, არჩევნებში მონაწილეობას ამ მილიონიდან დაახლოებით, 17 000 იღებდა, ეს აბსურდია. ეს ნიშნავს იმას, რომ დიასპორა არ იყო ჩართული და ამ მიმართულებით – არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, არ იყო საჭირო ძალისხმევა განხორციელებული.
ეს ძალისხმევა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ, ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყება – პრეზიდენტის ინსტიტუტი, ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქედან ვიყოთ ჩართული, რათა მაქსიმალურად გაგიადვილოთ ეს პროცესი; მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენი მხრიდან უნდა არსებობდეს მზადყოფნა და მობილიზება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დარეგისტრირდეთ, მაქსიმალურად ჩაეწეროთ საარჩევნო სიებში და მაქსიმალურად უკვე დღეიდან დაიწყოთ მუშაობა დამატებითი უბნების გასახსნელად.
არ დაგიმალავთ, რომ ეს ალბათ, ადვილი არ იქნება. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები ცესკოსთან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან და ამ კუთხით არის მხარდაჭერა, მაგრამ საჭირო იქნება დიდი მობილიზება რათა, ის, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ,,რატომაც არა, მაგრამ რთულია“, – გაკეთდეს! ეს დროულად უნდა გაკეთდეს. უბნების გახსნა არ ხდება არჩევნებამდე ერთი თვით, თუ ორმოცი დღით ადრე, ამაზე მუშაობა დღეს იწყება, ამაზე მოთხოვნები და ამაზე ხელმოწერები დღესვე უნდა გაიგზავნოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე დაარწმუნა ემიგრანტები, რომ არალეგალურად მცხოვრებ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში დეპორტაცია არ დაემუქრებათ.
„არალეგალურად მცხოვრები ადამიანებისათვის დეპორტის საშიშროება არ არსებობს. ამის დასტური მივიღე ელჩებისგან, რომლებსაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი.
არ არსებობს პრაქტიკა, რომ არჩევნები იდენტიფიკაციისათვის იყოს გამოყენებული, რათა შემდგომში ამ ადამიანების დეპორტი მოხდეს. ამის ბევრი მაგალითია – ბევრი სხვადასხვა ქვეყნების არჩევნები ტარდება საელჩოებში, ან სხვადასხვა უბნებში, იქ რიგებია იმ ადამიანების, რომელთა დიდი ნაწილი არალეგალები არიან და ეს, ამ ფორმით, არ არის გამოყენებული [დეპორტაციისათვის] და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“, – თქვა მან.