პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას წელსაც არ ესწრება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი „ელჩების კონფერენცია 2023-ს“ არ ესწრება.

კონფერენცია დღეს, 26 დეკემბერს გაიხსნა. დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის თემაა „საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“ და მასში მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის და  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

კონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ტრანსლაციაში ჩანს, რომ ღონისძიებას ესწრებიან საპატრიარქოს წარმომადგენლებიც.

რატომ არ ესწრება პრეზიდენტი კონფერენციას, „პუბლიკა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციას არც შარშან დასწრებია.

2022 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ არდასწრების მიზეზი პროტოკოლის დარღვევა იყო.

„საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში“, –  განაცხადა შარშან ადმინისტრაციამ.