პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის”. გთავაზობთ ზურაბიშვილის განცხადებას:
„ბოლო დროს აქტუალური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ქალბატონი ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი.
სამართლებრივი პოზიცია ასეთია: ერთი მხრივ, მოქმედი ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ” გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მსგავსი შემთხვევებისა, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას.
საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია. ის ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებით, რომელიც არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლებას.
რაც ეხება საკითხის არასამართლებრივ მხარეს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის. სწორედ ასეთ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ნდობა. პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას”, – წერია გავრცელებულ გავცხადებაში.
15 ივნისსს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს ანა დოლიძეს, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.
„2020 წლის 21 მაისს, ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, ანა დოლიძემ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა და ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში, გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას, ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. ყოველივე ზემოთქმულმა, საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინი, მის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ ანა დოლიძე ახლო მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, მნიშვნელოვანია მან თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
მოგვიანებით ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ კი პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტს, ის კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და იუსტიციის საბჭოს წევრობას დატოვებს.