„ევროპის მომავალს განსაზღვრავს ომის შედეგი უკრაინაში, არჩევნები მოლდოვაში და არჩევნები საქართველოში”. – ეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.
ამასთან ერთად, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მომავალს უკრაინაც იცავს.
„როგორც უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისა და ევროპის თავისუფლებისთვის, ის ასევე იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის”. – თქვა მან.
ზურაბიშვილისვე განცხადებით, ომის შედეგი უკრაინაში და არჩევნების შედეგები საქართველოსა და მოლდოვაში განსაზღვრავს, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და მის მომავალს.
„ის ასევე განსაზღვრავს ევროპის როლს კავკასიაში და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობას.
ასევე, სასწორზე დგას სომხეთის მომავალი, რომელიც უახლოვდება ევროკავშირს. ის გამოწვევები, რასაც ახლა ვხვდებით, ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ის მოითხოვს მშვიდობას – მშვიდობას ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვის გზით როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვაში”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ „პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი დღეს საქართველოში იყენებს წარმომადგენლობითია – “ქართული ოცნება” მართლაც რუსული ინტერესების გამტარებელი გახდა”.
კითხვას, საქართველოს რა სჭირდება ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან? – პრეზიდენტმა უპასუხა:
„საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა – მორალური მხარდაჭერა, რადგან ერთი თვის ვადაში ბევრი რამის გაკეთება არაა შესაძლებელი, საქართველოს მოსახლეობის მორალური მხარდაჭერა და არჩევნებზე ბევრი დამკვირვებელი – ასე იგრძნობს არჩევნების დროს საქართველოს მოსახლეობა მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუ დამკვირვებლები რეალურად ვერ შეცვლიან შედეგს, ისინი არ ერევიან არჩევნებში, მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ მარტო არ ვართ.
საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყანისათვის, ყოველთვის ყველაზე რთულია, იზოლირებულად იგრძნოს თავი. იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე საშინელი კოშმარია”.