„ღირებულებების თავდაყირა დაყენებაა" - ზურაბიშვილი „ხარება"-გომელაურის ღირსების ორდენზე

პუბლიკა

„ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ!”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი facebook-პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება „ქართული ოცნების” პრემიერის განცხადებას გომელაურის, „ხარებასა” და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნების ღირსების ორდენზე წარდგენის შესახებ.

ამავე პოსტში ზურაბიშვილი ეხმაურება „ქართუი ოცნების” წევრების განცხადებებს ეუთო/ოდირის დასკვნაზე და არამხოლოდ და აღნიშნავს, რომ ახლა უკვე ამ პოლიტიკური ძალის მცდელობა მიმართულია იქით, რომ ქვეყანა აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ.

„სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას.

უკვე არც „რუსული” კანონები, თუ „რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ახლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში უნდათ, რომ გადაიყვანონ. ტოტალური ტყუილი სუფევს, სადაც პარტნიორების განცხადებებს საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო/ოდირის უმკაცრესი დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია!

ამ ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ!”, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირად facebook-ზე წერს.


„ქართული ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ სანქცირებულ პირებს, ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენზე წარადგენენ.

კობახიძის თქმით, ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნებიან: 

  • ვახტანგ გომელაური;
  • შალვა ბედოიძე;
  • ალექსანდრე დარახველიძე;
  • გიორგი ბუთხუხი;
  • იოსებ ჭელიძე;
  • თემურ კუპატაძე;
  • ვაჟა სირაძე;
  • სულხან თამაზიშვილი;
  • ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
  • მილერი ლაგაზაური;
  • მირზა კეზევაძე.