3 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ის ასევე შეეხო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის საკითხს და განაცხადა, რომ “ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს.”
“დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან ჩვენგან.
ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, თუ რა სიმბოლური ადგილი უჭირავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით, რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა.
მე მზად ვარ, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი სამი პრიორიტეტის ირგვლივ შევხვდე ყველას, ვინც ამაზე თანხმდება და პრეზიდენტის პლატფორმა გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ.”
31 ოქტომბერს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრი აირჩიეს.
იუსტიციის საბჭოში არჩევნები წევრთა ვაკანსიების არარსებობის პირობებში გაიმართა.
მოულოდნელად საბჭოს ორმა წევრმა თეა ლეონიძემ და თამარ ონიანმა მიმართა კონფერენციას იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის განცხადებით.
იუსტიციის საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევის ფაქტს, კრიტიკული განცხადებებით გამოეხმაურნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო საქართველოში.
„დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული“ , – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საბჭოს ორი წევრის დანიშვნას.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით კი, “სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით“