პრეზიდენტი კოალიციას „საქართველოსთვის” და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის” გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ხვალ, 17 სექტემბერს ორივე მხარეს ორბელიანის სასახლეში ეპატიჟება.
„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს არჩევანი განსაზღვრავს, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ივანიშვილი […]
ახლა საჭიროა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება და რომლებსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამის მჯერა და ამიტომ ყველასთან კონსულტაციებში მივიღე მონაწილეობა და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, ამ პროცესს ხელი შევუწყო.
გადაწყვეტილება კი 2 პროევროპულ ძალას, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლისთვის მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გამო ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არავინ დაუვიწყებს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მანამდე დღესვე, 16 სექტემბერს კოალიცია „საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ „გახარიას არაფერს ერჩის”.
„გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც თავად გახარიას – მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს?” – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ლელოსთან” თანამშრომლობის ინიციატივა 16 იანვარს გაახმოვანა. გახარიამ თქვა, რომ მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოხატა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”.
„ლელომ” შემოთავაზება უარყო.
თუმცა, მათი გაერთიანების შესახებ დისკუსია პერიოდულად ჩნდებოდა. 17 ივლისს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ „არის ოთხი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ მზად იქნება, დაელაპარაკოს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, გიორგი გახარიას”.
2019 წლის 4 მარტს „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ „რაღაცის შეუსრულებლობის“ შემთხვევაში ხაზარაძესა და თიბისი ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.
გიორგი გახარიამ წერილის გაგზავნა უარყო.