პრეზიდენტი: მაქვს ორი სერიოზული მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დღეს 13:00-ზე შეატყობინეს, რომ საღამოს 8 საათზე ოლიმპიელების დახვედრისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

პრეზიდენტის თქმით, თავად მიღების გამართვას სექტემბერში აპირებს.

მან ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც არ არის მართებული დღეს ღონისძიების გამართვა – პარაოლიმპიელების ასპარეზობა ახლა იწყება და 8 სექტემბერს დასრულდება; ამასთანავე, მისი აზრით, ოლიმპიელებისთვის მოწყობილი ღონისძიება სახალხო უნდა იყოს.

„მე არ მჩვევია რაღაცა კინკლაობა და სხვა დონის პოლიტიკური საკითხები გვაქვს გასარჩევი, მე მგონი.

როცა ვაცილებდით, გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი სექტემბერში, როცა დაბრუნდებოდნენ და მე მაქვს სერიოზული ორი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება სასწრაფოდ დაჯილდოება.

ჯერ ერთიც, ესაა სერიოზული საქმე და არა რაღაც აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი, მაგრამ ორი მთავარი მიზეზი არის – ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმია და მე ვაპირებ, მოვაწყო სახალხო ზეიმი.

პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტმბრამდე და წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას, მაგრამ როგორ შეიძლება, ჩვენ ვიზეიმოთ ოლიმპიელების დაბრუნება, ცალკე  იმ სპორტსმენების, ვინც მთავარ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა და ცალკე – პარაოლიმპიელების. არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი. ყველას ერთად მივიღეთ მთლიანად ხალხი, საზოგადოება, ოლიმპიელები თუ პარაოლიმპიელები. გელოდებით სექტემბერში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.