პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

აღნიშნული მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, და ეს აცრით იწყება.

დღევანდელ დღეს ჩვენ საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება რაღაც მატებაც იყოს.

აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის.

თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი.

აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის საჭიროებაზე, კოვიდ – 19-ის სამკურნალო და თერაპიული საშუალებების ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობაზე.

როგორც ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აცხადებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორის განცხადებით, დღეს უკვე გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ვაქცინაცია იცავს მძიმე დაავადების განვითარებისა და ფატალური შედეგებისგან.

მათივე ცნობით, ტედროს გებრეიელუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ჯანმოს წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვთ და სამომავლო მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.