საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ “საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.”
საქართველოს მთავრობამ რეალობასთან შეუსაბამო უწოდა ერთ-ერთ მედიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომტიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მთავრობა წერს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.
პრეზიდენტის განცხადებით კი, 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება.