26 ოქტომბერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად ოფიციალურად გამოცხადდა. სალომე ზურაბიშვილმა განკარგულებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთდელ გაიმეორა, რომ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან და დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია.
„უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ეს ერთგვარი არჩევანი იქნება ომსა და მშვიდობას შორის! ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს.
დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს მას. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, შენი პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვანება კი ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფრთხეს.
სამაგიეროდ – მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან, თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც (მე ამას ვამბობ პირველი დღიდან) რეფერენდუმის – ევროპა თუ რუსეთი, ტოლფასი იქნება.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ეს მოითხოვს ჩვენგან სრულ მობილიზაციას, ძალით თავსმოხვეული შიშების გაფანტვას და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას.“
„29 აპრილს ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა: ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი, ჩვენს ერთგულ პარტნიორებს.
ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა, მაშინ დავდექით უპირობოდ, ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე; ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი – ან დაბრუნება წარსულში, ჩაძირვა რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს.“
პრეზიდენტის თქმით, ეს არჩევნები რთულ პირობებში ჩატარდება.
„უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა. გვაშინებენ ომით, მახვილით, დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში, თუ ყველა გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულად დაცული იქნება.“ – ამბობს პრეზიდენტი.
პრეზიდენმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ახლა შემართებისა და არჩევნებზე წასვლის დროა.
„იმედის დაკარგვა არ ახასიათებს საქართველოს: ეს არ მომხდარა, საუკუნეების განმავლობაში, ფერეიდანში გადასახლებულთა შორის; ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში; ეს არ მომხდარა, თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და მისი დამარცხების შედეგად კი; ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციის მერე, და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის „მოცემულობა“, ჩვენთვის კი – შეუგუებლობაა!
უმძიმესი დღეები გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია! პირიქით, როცა ვკითხულობთ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და როგორ შეინარჩუნა საკუთარი თვითმყოფადობა, სწორედ ეს – მომავლის საოცარი რწმენაა ჩვენი საიდუმლო. ეს მათქმევინებს დღეს: მეც მჯერა და მწამს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი, არავინ დარჩება სახლში, დიასპორასა თუ აქ, ქვეყნის შიგნით.“