პრეზიდენტი: „ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა — კოშმარად იქცა, რომელიც ქვეყანას მიზანს აშორებს

პუბლიკა

პრეზიდენტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება”.

სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება 2 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში გააკეთა, სადაც თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის “გარდამტეხი წელი” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა.

მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ „საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია”.

„ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (30 წელზე მეტი ხნის წინ) არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა”. – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის მხრიდან პარტნიორებისთვის „გლობალური ომის პარტიის” წოდებას, ხოლო ოკუპანტი რუსეთის შესახებ სიჩუმეს და ეს ტრაგედიად შეაფასა.

პრეზიდენტმა ილაპარაკა რუსულ კანონზე, საპროტესტო აქციებსა და პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ამ კანონის წინააღმდეგ სარჩელები განიხილეს.

„როცა გვაქვს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის უახლესი გამოსვლები, რომელიც პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას (რაც მათი ოცნებაა) და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს.

ჩვენ ვნახეთ, საკონსტიტუციო სასამართლო როგორ ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ის არ მოქმედებს ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი მიუღებელია.

ამ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს. არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები იმ დონემდე, რომ წავიდეს საქართველოს მოსახლეობის ნების მასიური გამოხატვის წინააღმდეგ. მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ქართულ ქარტიაზე”, რომელიც მან შეიმუშავა და რომელსაც ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს. „ქართული ქარტია” გულისხმობს რეფორმების გატარებას და რამდენიმე თვეში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.

„მე ვიქნები ამ ქარტიის ელჩი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. ასე რომ, ევროპელებს მოუწევთ მოლაპარაკებების დაწყება რაც შეიძლება მალე და ჩვენ სწრაფად უნდა შევასრულოთ ის, რაც წერია ქარტიაში, რომელიც ძალიან დეტალურია. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეასრულონ „მეგობარი აქტი”, რაც ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ პოზიტიურ მხარეზეა. უარყოფითი ასპექტები არ არის ჩემი განსახილველი, მაგრამ დადებითი ასპექტები არის. მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს, ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპისთვის”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.