პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რგგარეშე სესიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

„პირველი არხის“ ცნობით, პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

სალომე ზურაბიშვილის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან.

დღეს 18:00-ზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბიშვილის ბრიფინგია ჩანიშნული. პრესსამსახურს ბრიფინგის თემა არ დაუკონკრეტებია, თუმცა სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილების მოტივზე ისაუბრებს.

როგორ აწესრიგებს პარლამენტის რეგლამენტი და კონსტიტუცია რიგგარეშე სხდომის მოწვევას

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

რეგლამენტის 127-ე მუხლის თანახმად, რიგგარეშე სესიის მოწვევის წერილობით თხოვნას თან უნდა ერთვოდეს რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.