ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - პრეზიდენტი „ოცნებას“

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს კანონის ამოქმედების ვადა პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე გადაიტანონ.

„თქვენ თვითონ ძალაში ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ, გთავაზობთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, მან გადაწყვიტოს, ეს კანონი რუსულია, ეს კანონი არის სხვა კანონების გადამღერება თუ რაც არის და მას მოერგება, რაც მოერგება.

ჩემი იმედი, ყოველ შემთხვევაში, ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი. არა, არის რუსული, დარჩება რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენმა ასევე გამოსვლისას ისაუბრა ვეტოს შესახებ:

„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა მოღალატე ეძახა საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ „მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ, ან უცხოელები ან აქაური „ენჯეოები“, წარმოგვიდინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ“ – იფიქრეთ თქვენ და იყავით!

მე ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ. რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი – ეს არის რომ ხალხში გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.