პრეზიდენტი: როცა მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, ნაკლები პოლარიზაცია იქნება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ფორუმი ,,პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის“ გახსნა და მოწვეულ სტუმერბსა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა ისაუბრა პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა მიმოიხილა.

მისი შეფასებით, ბოლო წლებში იყო მნიშვნელოვანი პროგრესი ქალთა კვოტირების კუთხით, თუმცა ახლა საჭიროა ქალებს გადაწყვეტილებების მიღებაში რეალური როლი ჰქონდეთ.

„მთავარი არა კვოტები (მე ამას მუდამ ვფიქრობდი, კვოტები საჭიროა და ეს გზა მაინც გასავლელია), არამედ გადაწყვეტილებებში რეალური ადგილი და რეალური მონაწილეობაა. ამ კუთხით, დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ქალები ალამაზებენ ხან პარლამენტს, ხან საკრებულოებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ისინი იღებენ მთავარ გადაწყვეტილებებს. მე მჯერა, რომ ის დროც მოვა, როცა ქართულ პოლიტიკაში ქალები წინა პლანზე იქნებიან, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ექნებათ ფინანსური და სხვა ტიპის რესურსი იმისათვის, რომ თავიანთი სიტყვა თქვან და ეს სიტყვა იყოს წონიანი და მოსმენილი.

ამ ძალიან ახლო მომავალში, ჩვენი მოვალეობაა ფორმალურიდან რეალობაში გადავიდეთ – ამ ქვეყანაში ამისი საშუალება მართლაც არსებობს, ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი…

მივემგზავრები ნიუ-იორკში, სადაც ქალთა სტატუსის შესახებ გაეროს კომისიის 67-ე სესიაში მივიღებ მონაწილეობას და იქაც, თუ წარსადგენია თქვენი რომელიმე რეკომენდაცია, იქაც ვიქნები თქვენი ხმა და თქვენი წარმომადგენელი.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ შემდეგ შეხვედრაზე შეიძლება მე აღარ ვიყო პრეზიდენტი, მაგრამ როცა მეტი ქალი იქნება ქართულ პოლიტიკაში, როცა საკრებულოებში თავჯდომარეები, მერები, პარლამენტის კომიტეტების თავჯდომარეები ქალები იქნებიან და მე მგონი, რომ როცა ეს მოხდება, საქართველოში ნაკლები დაპირისპირება და პოლარიზაცია იქნება და პოლარიაზაცია, რომელიც უდიდესი სენია და დღეს უკან გვწევს, უფრო დაძლეულიც იქნება.

ამისთვის აუცილებელია, ერთად ვებრძოლოდ იმას, რასაც ქალთა მიმართ ძალადობა და პოლიტიკური ძალადობა ჰქვია, რადგან ესეც ერთ-ერთი, ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორია იმისთვის, რომ ქალები პოლიტიკაში წამოვიდნენ. როცა ქალები უყურებენ რა ხდება, რა დღეში არიან პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული ქალები, ახალგაზრდებისთვის ეს დიდად არ არის მიმზიდველი. მათთვის მთელი დანარჩენი დარგები ღიაა და შეუძლიათ პროფესიონალურად სხვაგან უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი და უფრო დაფასებულნი, ვიდრე პოლიტიკაში – ესეც დასაძლევია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას, რათა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრებმა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა შეაფასონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობა.