პრეზიდენტი: რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს უკრაინაში, საქართველოში

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმის” მეოთხე სამიტზე შეკრებილ ლიდერებს სიტყვით მიმართა. შეხვედრა 11 სექტემბერს გაიმართა.

პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია ტერორიზმად შეაფასა და პარალელუ გაავლო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან.

„დამთხვევაა, რომ ეს სამიტი 11 სექტემბერს იმართება? რომ 23 წლის წინ ტერორმა თავისუფლებისა და დემოკრატიის შუაგულს დაარტყა, მოკლა და დააზარალა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, და რომ დღეს, ტერორმა ისევ იფეთქა, მაგრამ ამჯერად ევროპის შუაგულში – ლვოვსა თუ პოლტოვაში? ეს გვახსენებს, რომ ჩვენ [ამ ტერორს] არ შევეგუებით, რომ თავისუფლებისთვის, ადამიანის ღირებულებებისთვის, ადამიანის ღირსებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა უკომპრომისოა. მხოლოდ ამის მიღწევის შემდეგ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ გრძელვადიან მშვიდობას მივაღწევთ”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, ის სისასტიკე, რაც უკრაინაში ხდება და რისი შემოქმედიც რუსეთია, არ არის მხოლოდ უკრაინის ტრაგედია – პრეზიდენტის თქმით, „ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს – იქნება ეს პირდაპირი ტრადიციული ომის მეთოდები, სამხედრო ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, თუ დეზინფორმაციის კამპანიები, რათა თავის იმპერიალისტურ ამბიციებს მიაღწიოს”.

„ყველანი ვაცნობიერებთ – უკრაინელები არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან.

უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში. ძალიან დიდი ხანია, მოსკოვი უგულებელყოფს საერთაშორისო ნორმებს, ცდილობს ძალისმიერად საზღვრების შეცვლას და მისი მეზობლების სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას. ამგვარი საქციელის დაშვება აღარ შეიძლება. 

როგორც ყველამ ვიხილეთ, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის და კონტინენტისთვის გადამწყვეტია, რადგან ის სავაჭრო, ენერგეტიკულ და კომუნიკაციის მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს.

ის ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი [შავი ზღვის] სტაბილურობა პირდაპირ დაკავშირებულია მთლიანი კონტინენტის უსაფრთხოებასთან. ამიტომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია აფხაზეთის ოკუპაციიდან ყირიმის ანექსიამდე, ან მის ბოლოდროინდელ ნაბიჯებამდე – ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიღებული”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.