პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსული კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
პლატფორმა „ერთიანობის” ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის დეპუტატებიც შეიტანენ.
მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს – 22-ე მუხლი გაერთიანების თავისუფლებას გულისხმობს.
პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში სავარაუდოდ დღეს შევა.
რამდენიმე დღეში კი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელიც რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის არაერთ ფუნდამენტურ უფლებას.
NGO-ები საკონსტიტუციო სასამართლოსგან ასევე მოითხოვენ დროებითი ღონისძიების გატარებას და რუსული კანონის შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკონსტიტუციო სარჩელებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.
სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით გამოხატოს პოზიცია.
ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ მმართველ პარტიას არ უნდა მიეღო კანონი და გამჭვირვალობის მიზნით სხვა კანონმდებლობა უნდა შეეცვალა.