პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტოს დაადებს

პუბლიკა

პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში დღეს შესულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან.

ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი  გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.

შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს  ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს  პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში.

როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!“, – ნათქვამია განცხადებაში.


პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებები.

პროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება.