პრეზიდენტი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების საკითხზე სამინისტროს მუშაობას აკრიტიკებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს, სახალხო დამცველის, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის თემა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობაა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა განცხადებით გახსნა. განცხადებაში მან საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა იმისთვის, რომ უწყება არ მონაწილეობს ამ საკითხის შესახებ გამართულ შეხვედრებში.

„პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი ის არის, რომ საგარეო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში და უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიანაა დაკავშირებული საგარეოს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება საკონსულო რეგისტრაცია, რომელიც არის წინაპირობა იმისთვის, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნისთვის. საკონსულოებიდან საგარეოში უნდა გადაეცეს ინფორმაცია ამ უბნების გახსნის შესახებ და საგარეომ უნდა გადმოსცეს შემდგომ ცესკოს.

ასევე, საგარეო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია ჩატარდეს და ეს საინფორმაციო კამპანია, მოთავსდეს საელჩოების საიტებზე. ჩვენ გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი კიდევ გაკეთებული არ არის და ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია ახლა არის მნიშვნელოვანი და არა ოთხ თვეში.

საგარეოზე არის დამოკიდებული შემდეგ ეტაპზე უკვე საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, რომელიც ტარდება საარჩევნო პერიოდი როცა იხსნება; სიების გადმოცემა ასევე ცესკოსთვის. მთელ ამ პროცესში გადაჯაჭვული არის საგარეო და ცესკო. ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელი არის და აქედან იბადება ძალიან ბევრი ხარვეზი. თუ არ არსებობს ერთობლივი სურვილი მუშაობის, მერე ყოველთვის შეიძლება პინგ-პონგი: ჩემი ბრალი არ არის, ის არ მაძლევს ინფორმაციას; ჩემი ბრალი არ არის, მე ამაში არ ვმონაწილეობ, ეს მათი პასუხისმგებლობა არის და ეს უკვე დღეს გვესმის.

ასე რომ, სანამ დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს და ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ გამოსწორდეს მაქსიმალურად ყველა ხარვეზი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, როგორ აწესრიგებს კანონმდებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს და აღნიშნა, რომ საგარეო უწყება ამ კანონს უგულებელყოფს.

„კანონი არსებობს, რომ უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და თუ 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, იმ ადამიანებმა მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ იქ გაიხსნას საარჩევნო უბანი. ამაზე კანონი არსებობს ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, გვეუბნებიან და ძალიან ოფიციალურად პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვები აცხადებენ რომ არა, ვერ და არა არ შევასრულებთ ამ კანონს.

იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნით… კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ არა შეუძლებელია, ხან რესურსები არა გვაქვსო, ხან ყოველ პადიეზდში არ გავხსნითო. საკმაოდ ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. და არანაირი პასუხი არ არის გაცემული იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს… ხო კიდევ ერთი მიზეზი, რაც არის გამოყენებული, რომ ეს მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალი არის, იმისთვის, რომ საკონსულომ გახსნას სხვადასხვა ქალაქში მის დაქვემდებარებაში სივრცეები, რომელიც იქნება გამოყენებული უბნის გახსნისთვის. მაგრამ ეს არის სრულიად შესაძლებელი. ჩვენ გვქონდა აქა და გვექნება კიდევ მომავალ კვირას შეხვედრები ელჩებთან, რომელთანაც ეს შეიძლება მოგვარდეს.

მე, რამდენადაც ვიცი, და თუ ასე არ არის, მზად ვარ, მოვისმინო ამის შესწორება – არანაირი საუბარი არ ყოფილა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ჩვენ აქ მყოფ ელჩებთან, იმისთვის რომ სწორედ ეს საკითხი წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დიასპორა მზადაა, ჩაერთოს და დაეხმაროს ქართულ უწყებებს ამ საკითხის მოგვარებაში. მისი თქმით, დაუშვებელია საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების დისკრიმინაცია.

„მოგიწოდებთ, დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება და არ გამოვიყენოთ მათ მიმართ არც დისკრიმინაცია და არც შეურაცხმყოფელი რაღაც გზავნილები, რაც ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი და მე მგონი, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვისაც. არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როცა ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან, ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას და პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ. საჭირო არის, რომ ჩვენც ვიცოდეთ დროზე, იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ მოღვაწეობენ ან წვალობენ კიდევაც, მივცეთ ის საშუალება, რაც ეკუთვნის ყოველივე მოქალაქეს“, – განაცხადა მან.


ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარლამენტში 22 მარტს მოუსმინეს.

ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მთავარია, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და საკონსულოს წარმომადგენლები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრაზე, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, ხაზს უსვამენ იმას, რომ აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება სამართლებრივ შედეგს. მისივე თქმით, ცესკოსთან ერთად დაგეგმილია ფართომასშტაბიანი კამპანიაც. მან ასევე აღნიშნა, რომ აღრიცხვაზე დადგომის პროცედურები გამარტივდა.

მინისტრის თქმით, რაც შეეხება საკონსულოების გახსნას, ეს შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის თანხმობის საფუძველზე და ხანგრძლივი პროცედურაა.

ილია დარჩიაშვილმა მაგალითად მოიყვანა იტალიის ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს გახსნა, რომელსაც, მისი თქმით, 7 თვიდან ერთ წლამდე პერიოდი დასჭირდა და სამუშაოები 2019 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო.

მინისტრის თქმით, 2020 წელს გახსნილი იყო 52 საარჩევნო უბანი, ამ წელს გადაწყვეტილებას მიიღებენ მოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე.