პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადამიანების ფსიქლოგიური დატერორება უწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ანტირუსული საპროტესტო აქციების „ორგანიზატორები განიხილავენ სიტუაციის დაძაბვას, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი”.
პრეზიდენტის თქმით, ეს განცხადება შეიძლება, ჩაითვალის ადამიანის უფლებების დარღვევად.
„ეს რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, აქციები ძალიან მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „შენიღბული პირების მხრიდან სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებულ ძალადობრივ აქტებს“ „მილევადი საპროტესტო მუხტის“ ხელოვნურად გაზრდის მცდელობად შეაფასა და თქვა, რომ მათი ინფორმაციით, „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების“ მხრიდან დაგეგმილია, რომ 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს.
„ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი”. – განაცხადა სუსმა და დასძინა, რომ „გეგმა ვითარდება ე.წ ფერადი რევოლუციების სცენარით”.