პრეზიდენტი: ვხედავთ კორიანტელს გადაწყვეტილებებისა, რომლებსაც ევროპული გზის ჩასაშლელად იღებენ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის გერმანიის კანცლერისგან, ოლაფ შოლცისგან ელოდა ისეთ გზავნილებს, რომელიც შოლცმა რუსულ კანონთან დაკავშირებით გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, კანცლერის გზავნილში მთავარი ის იყო, რომ მან საქართველოს მოუწოდა, არ მიიღონ ეს კანონი.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

„მნიშვნელობა არ აქვს, იქ „აგენტი“ ითქვა თუ არ ითქვა, მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ-მოედებიან. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის კანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, ასეთი კანონი არსად არ არისო.

კი, ცდილობენ, დაგვარწმუნონ… ვიღაცა ფრანგულად კითხულობს თურმე  და გაიგო კარგად, ვიღაცა არ ვიცი, რა ენაზე კითხულობს…“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის გერმანულად საუბარი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს დიპლომატიური წესის დარღვევა იყო.

„სხვათაშორის, კობახიძეს უნდა ეთქვას, რომ სრულიად დარღვევა არის ყველა დიპლომატიური წესის, რომ როცა ხარ ოფიციალურ ვიზიტზე, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე, გერმანულად რომ საუბრობდა, რას აჩენს, რომ იცის გერმანული? ჩემს პირველ ვიზიტზე მაკრონთან მაკრონმა მომისმინა ქართულად. ეს ისეთი წესია ჩვეულებრივი, ცოტა უნდა ისწავლონ რაღაცები, სანამ დაიწყებენ სიარულს იქით-აქეთ“, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ პრემიერს გამჭვირვალობაზე საუბარი სურს, მან უნდა ისაუბროს მოსამართლეების და ხელისუფლების წარმომადგენლების გამჭვირვალობაზე.

„არ გამიკვირდა შოლცის პოზიცია, ესაა მხოლოდ საწყისი იმისა, რასაც გაგვიმეორებენ არაერთხელ ამ პერიოდში, ამიტომაა ეს კანონი საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის და არა მხოლოდ ეს კანონი – ჩვენ ვხედავთ მთელს კორიანტელს გადაწყვეტილებების, რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისთვის, რომ ჩაიშალოს ეს ევროპული კანდიდატურა: საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომელიც არის ვენეციის კომისიის საწინააღმდეგო; მოსამართლეებზე – არა ვეტინგიო – არავის ჯერ არ უთქვამს, რა ვეტინგი და არავის მოუთხოვია ჯერ ვეტინგი მაგრამ წინასწარ, რამე არ მოუვიდეს ამ საყვარელ მოსამართლეებს და მათ სასახლეებს თუ სახლებს თუ რაც არის.

როგორ „არა ვეტინგი“, თუ შენ გინდა გამჭვირვალობა, კეთილი ინებე, იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, მე მინდა გამჭვირვალობა რაღაცებზე და თქვენს ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა მოსამართლეებზე, ჩვენს ყოფილ პრემიერზე თუ მომავალ პრემიერზე, ცესკოს თავმჯდომარეზე, რომელიც ახლა ინიშნება და თურმე კაპიტალს აგროვებს… მე არ ვიცი, რას ნიშნავს, 60 წელია ვმუშაობ რაღაცა დონის თანამდებობებზე უცხოეთში, აქა და კაპიტალის ამ ფორმით მოგროვება ვერ შევძელი ჯერ და ამათ იციან.

ესაა ის გამჭვირვალობა, რომელიც მართლაცაა დემოკრატიის ნაწილი, რომელსაც ელოდება საზოგადოება და საზოგადოებას აქვს ნება, გაიგოს, ვინც მართავს, როგორ მართავენ, სად იხარჯება ის თანხა და შენ რომ სთხოვ ამ გამჭვირვალობას უცხოელებს, რომლებმაც შემოიტანეს ამ ქვეყანაში 30 მილიარდი, თუ მეტი არა, რომელიც მოხმარდა ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას, განათლებას სკოლებს… აქ გინდა გამჭვირვალობა და იქ თუ თანხები სადღაც სხვაგან წავიდა, მაგალითად, გელათი ავიღოთ, ამერიკელები იხდიდნენ, მაგრამ თაღლითობა ქართველებმა ჩაიდინეს და ჯერ არ დასჯილა არავინ ამისთვის…“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მოსამართლეების დეკლარაციის საქმის შემდეგ დაიბარა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროდან კი ჰკითხეს, იყო თუ არა ეს შეთანხმებული მთავრობასთან. პრეზიდენტის თქმით, ამის შემდეგ მისი ადმინისტრაცია კუპრაშვილს ვერ უკავშირდება.

ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რუსული ოცნებაა.