საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
კონკრეტულად ვისთან და რა საკითხზე გაიმართა შეხვედრა – პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მედიას უთხრეს, რომ ისაუბრეს ევროინტეგრაციაზე, მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებსა და იმპიჩმენტზე.
„ძირითადი სასაუბრო მთელი ამ დროის განმავლობაში იყო, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ „ოცნების“ მხრიდან შექმნილი დაბრკოლებები ამ გზაზე არ იქცეს გადაულახავ დაბრკოლებად…
მის იმპიჩმენტს რაც შეეხება, ეს მხოლოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის, ეს არის საქართველოს ეროვნული გზის იმპიჩმენტი, რომელსაც „ოცნება“ მიმართავს და ასრულებს რუსეთის დავალებას“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პრეზდენტს აწუხებს ის, რომ არსებობს საქართველოს რუსეთის პლატფორმად გადაქცევის საფრთხე.
„იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაც დღეს საქართველოშია, როდესაც ლავროვი ფარცხალაძესა და ღარიბაშვილთან ერთად პირდაპირ საქართველოს რუსეთის პლატფორმად გადაქცევას უწყობს ხელს, რა თქმა უნდა, ეს გვაწუხებს ყველას, ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლო გამოწვევა, ასე ფიქრობს პრეზიდენტიც“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ისაუბრეს ეროვნული ბანკის საკითხზეც.
„შევეხეთ, ასევე, მიმდინარე საკითხებსაც, მათ შორის, ეს ეხებოდა ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და უზარმაზარ საფრთხეებს, რასაც ნათია თურნავას გადაწყვეტილება შეიცავს… რაც შეეხება იმპიჩმენტს, ყველაზე ბოლო საკითხი იყო“, – განაცხადა ლომჯარიამ.