საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან „სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა”.
ადმინისტრაციამ განცხადება კალაძის დღევანდელი კომენტარის შემდეგ გაავრცელა – თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ „ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები, როცა პრეზიდენტმა მათი კოლეგები გამოტოვა”.
ადმინისტრაციის შეფასებით, „ეს მავნებლური საქციელია, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ”.
„ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.
სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე”.- აცხადებს ადმინისტრაცია.
რაც შეეხება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების, პერსონალის და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებას, ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ „ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი”.
საქართველოს პრეზიდენტმა 13 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.
ამასთან, გამოაქვენა შესაბამისი განკარულებები [1 და 2], რომელშიც იმ ადამიანების სიაა, ვინც ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. ჯამში მათი რიცხვი 40-ია.
მანამდე მმართველი პარტიის წევრებმა თქვეს, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს ფეხბურთელების და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 27 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ფეხბურთელები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
როგორც თქვეს, დოკუმენტში, რომელიც მათ პრეზიდენტს გადაუგზავნეს, ღირსების ორდენის ჯილდოზე 53 ადამიანია წარდგენილი.