პრეზიდენტის არჩევნები აშშ-ში | როგორია წინასწარი შედეგები და მოლოდინი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. სავარაუდოდ, მალე გადაწყდება, ვინ დაიკავებს თეთრ სახლს მომავალი 4 წლის განმავლობაში.

შტატების უმეტეს ნაწილში არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. ამ დროისთვის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 23 შტატი აქვს მოგებული და საარჩევნო კოლეგიაში 213 დელეგატი ჰყავს. მისმა მეტოქემ, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი 18 შტატსა და კოლუმბიის ოლქში მოიპოვა გამარჯვება და ამ დროისთვის საარჩევნო კოლეგიაში 220 დელეგატი ჰყავს. პრეზიდენტად არჩევისთვის სულ 270 დელეგატის ხმაა საჭირო.

2020 წლის არჩევნების ბედს ე.წ. მერყევი შტატები გადაწყვეტენ, რომელთა ნაწილში ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან. ჯო ბაიდენი პენსილვანიასა და მიჩიგანში გამარჯვებისთვის იბრძოდა, სწორედ ამ შტატებში ჩავიდნენ ის და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტად დასახელებული კამალა ჰარისი არჩევნების წინ. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატები – მიჩიგანი და პენსილვანია, როგორც წესი, „დემოკრატების“ იყო, თუმცა 2016 წელს დონალდ ტრამპმა ამ შტატებშიც მოიგო. The New York Times-ის მონაცემებით, ამ შტატებში ახლაც დონალდ ტრამპი ლიდერობს, რაც ჯო ბაიდენის მოგების შანსს ამცირებს.

The New York Times-ის მონაცემებით, შედარებით უკეთესი შანსი აქვს ჯო ბაიდენს ჩრდილო კაროლინასა და ჯორჯიის შტატში, რომლებში გამარჯვებას წინა არჩევნებში რესპუბლიკელები ახერხებდნენ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, აქაც ტრამპი ლიდერობს. 2016 წლისგან განსხვავებით „დემოკრატების“ კანდიდატი დაწინაურდა არიზონის შტატში, თუმცა ხმები ბოლომდე, ჯერჯერობით, არც იქ არის დათვლილი.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, არ არის გამორიცხული, შედეგები რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი არ ვიცოდეთ. მაგალითად, შესაძლოა, გაჭიანურდეს ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლა. ასობით სასამართლო ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ხმის მიცემა. ეს იმ პირობებში, როცა 100 მილიონამდე ამერიკელმა ხმა ნაადრევ კენჭისყრაზე ფოსტით ან ფიზიკურად მისცა. სწორედ ამიტომ, 2020 წლის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იქნება.

სწორედ ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხმის მიცემა უნდა შეწყდეს და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კომისიებმა ხმები არც ერთი გზით აღარ უნდა მიიღონ. როგორც The Reuters წერს, მოქმედი პრეზიდენტი ოპონენტებს შედეგების გაყალბებაშიც სდებს ბრალს. „ეს არის თაღლითობა ამერიკული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, The Reuters წერს, რომ დონალდ ტრამპი ხმების დათვლის პროცედურის დასრულებას არ დაელოდა, მათ შორის, ე.წ. მერყევ შტატებში და თეთრ სახლში გამოსვლისას თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

„გამარჯვების გამოცხადება არც ჩემი და არც დონალდ ტრამპის საქმე არ არის, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია“, – ასე გამოეხმაურა ტრამპის მეტოქე ჯო ბაიდენი მოქმედი პრეზიდენტის მიერ თავისთავის გამარჯვებულად გამოცხადებას.


ტელეკომპანია CNN-მა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლიც ჩაატარა. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ტელეარხს არ გამოუქვეყნებია მონაცემები, თუ რომელი კანდიდატი ლიდერობს ეგზიტპოლებში და არც მონაცემები კონკრეტული შტატების მაგალითზე, თუმცა გამოაქვეყნა პასუხები სხვადასხვა შეკითხვაზე.

კანდიდატის რა თვისებას მიანიჭეთ უპირატესობა?
  • ძლიერი ლიდერი – 32%
  • განსჯის კარგი უნარი – 24%
  • ზრუნავს ჩემნაირ ხალხზე – 21%
  • შეუძლია ქვეყნის გაერთიანება – 19%
ჯო ბაიდენის მხარდამჭერებს: რატომ მიეცით მას ხმა?
  • მხარს ვუჭერ კანდიდატს – 64%
  • ოპონენტის წინააღმდეგ – 31%
დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს: რატომ მიეცით მას ხმა?
  • მხარს ვუჭერ კანდიდატს – 81%
  • ოპონენტის წინააღმდეგ – 14%
თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხმის მიცემის დროს?
  • ეკონომიკა – 34%
  • რასობრივი უთანასწორობა – 21%
  • კოვიდ-19 – 18%
  • დამნაშავეობა და უსაფრთხოება – 11%
  • ჯანდაცვის პოლიტიკა – 11%
თქვენი აზრით რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა?
  • ბრწყინვალე – 13%
  • კარგი – 35%
  • არც ისე კარგი – 32%
  • ცუდი – 19%
კოვიდ19-მა დაგაზარალათ?
  • ფინანსურად დავზარალდი – 55%
  • ფინანსურად არ დავზარალებულვარ – 44%
ფინანსური სიტუაცია ოჯახში დღეს
  • უკეთესად ვიდრე 4 წლის წინ – 41%
  • დაახლოებით ისევე – 38%
  • უარესად, ვიდრე 4 წლის წინ – 20%
რა უფრო მნიშვნელოვანი იყო საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ხმის მიცემის დროს?
  • კანდიდატის პოზიცია საკითხებზე – 73%
  • კანდიდატის პიროვნული თვისებები – 24%
რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს უზენაესმა სასამართლომ „ობამას ჯანდაცვის რეფორმაზე“
  • დატოვოს, როგორც არის – 53%
  • გააუქმოს – 42%
კანდიდატისთვის ხმის მიცემისას უზენაესი მოსამართლის დანიშვნა იყო…
  • მნიშვნელოვანი ფაქტორი – 61%
  • უმნიშვნელო ფაქტორი – 37%
კლიმატური ცვლილება არის თუ არა სერიოზული პრობლემა?
  • დიახ – 66%
  • არა – 31%
ფედერალური მთავრობის მუშაობა მოგწონთ?
  • ძალიან კმაყოფილი ვარ – 14%
  • კმაყოფილი ვარ – 26%
  • არ მომწონს – 32%
  • გაბრაზებული ვარ -26%
ეგზიტპოლებში მონაწილეები სქესის მიხედვით
  • ქალი – 53%
  • კაცი – 47%
ეგზიტპოლებში მონაწილეები რასის მიხედვით
  • თეთრი – 65%
  • ლათინური ამერიკიდან – 13%
  • შავკანიანი – 12%
  • სხვა – 6%
  • აზიური წარმოშობის – 3%
ეგზიტპოლებში მონაწილეები ასაკის მიხედვით
  • 18-29 – 16%
  • 30-44 – 23%
  • 45-64 – 38%
  • 65 და ზევით – 23%
ეგზიტპოლებში მონაწილეები პარტიული კუთვნილებით
  • დემოკრატი – 38%
  • რესპუბლიკელი – 35%
  • დამოუკიდებელი – 28%
ეგზიტპოლებში მონაწილეები განათლების მიხედვით
  • კოლეჯის განათლებით – 45%
  • კოლეჯის განათლების გარეშე – 55%