პრეზიდენტის გადაწყვეტილება უსამართლო იყო - წულუკიანი პოლიტიკოსების შეწყალებაზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე უსამართლო იყო, რადგან დღეს ციხეში ათეულობით პატიმარია, რომლებსაც ამ პოლიტიკოსებზე მეტად ეკუთვნოდათ შეწყალება, მაგრამ ზურაბიშვილი მათ არ იწყალებს.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, არის უსამართლო. ვინაიდან ჩვენ სისტემაში გვყავს 40, 50, 60, 70, 100, 150 პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება, ალბათ, სხვების შეწყალებაზეც ფიქრი. მან განმარტა, მაგრამ მე არ ვეთანხმები. უსამართლოა, ამ გაგებით. თუ სამართლიანად მივუდგებით, ათეულობით და უფრო მეტი პატიმარი იმსახურებს ისეთივე ბედს, რასაც ეს ორი აბსოლუტურად ოდიოზური ფიგურა“, – თქვა წულუკიანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

წულუკიანის აზრით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არამარტო უსამართლო, ცოტა სახიფათოც იყო. რადგან საზოგადოებაში გააჩინა შიში, რომელიც ისეთ ისტორიულ ცნებასთანაა დაკავშირებული, „როგორიც არის „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

„მეორე არის ის, რომ ცოტა სახიფათო მომეჩვენა ეს გადაწყვეტილება და სიტყვებს ვზომავ და ვწონი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღია ეთერში. ჩვენ რომ ახლა სადმე არაოფიციალურ გარემოში ვიყოთ და მე ეს სტატუსი არ მქონდეს, სხვანაირად ვიტყოდი. მაგრამ აქ და ახლა ვსაუბრობ, როგორც ვსაუბრობ და ვიტყოდი, რომ ეს იყო ცოტა სახიფათო. იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში ამან გააჩინა შიში და განცდა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ცნებასთან, როგორიც არის „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

და არის მესამე: არის თანამეგობრობის განცხადებები. ამ ჭრილში მე უკვე ვთვლი, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მე ვერ ვუწოდებ გაუმართლებელს“, – თქვა წულუკიანმა.