პრეზიდენტის იმპიჩმენტი — რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა, იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო

პუბლიკა

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი განხილვას ესწრება.

კვორუმი შედგა. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა.

სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემა თქვეს, რომ იმპიჩმენტი არ შედგება, „შანსი ნულია”.

სხდომა მმართველი პარტიის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია და ის აღარ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. თუ იმპიჩმენტი ვერ შედგება, კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მომდევნო ერთი წელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი”. საქართველოს პრეზიდენტად კი ფორმალურად დარჩება.

კობახიძემ გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამ მოსამართლეზე საუბრით დაიწყო, რომლებსაც იმპიჩმენტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდათ.

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე, კობახიძემ თქვა, რომ ვერ ამოხსნეს „უმარტივესი კაზუსი”, მათი მსჯელობა და მათი ჩანაწერები იყო „აბსურდული”.

„თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ადამიანები ბილბორდებზე იმიტომ, რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი, პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს… დღეს სადაც ხართ კი ვხვედავთ”, – მიმართა კობახიძემ პრეზიდენტს პარლამენტში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი „ოცნებამ” 1 სექტემბერს დაიწყო. მათი თქმით, ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად, ვიზიტების გამართვით.

საკონსტიტუციო სასამართლომ „ოცნების“ ავტორების წარდგინება დააკმაყოფილა და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. მოსამართლეთა პლენუმის 3 წევრი საერთო მოსაზრებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი წარმოადგინა.