პრეზიდენტის მიერ ახლადდანიშნული წევრი იუსტიციის საბჭოს სხდომას არ დასწრებია

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ახლადდანიშნულმა თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის საბჭოს სხდომა გააცდინა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გაავრცელა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის საბჭოს აპარატი ინფორმირებული არ იყო თუ რატომ არ ესწრებოდა თამარ ღვამიჩავა საბჭოს სხდომას. მისი თქმით, მან ამის შესახებ ღიად საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას იკითხა.

„აპარატის თანამშრომელს ვკითხე თუ ჰქონდა ინფორმაცია რატომ არ ესწრებოდა თამარ ღვამიჩავა სხდომას და მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.“ – განუცხადა „პუბლიკას“ ნაზი ჯანეზაშვილმა.

„პუბლიკა“ თამარ ღვამიჩავასთან დაკავშირებასაც ცდილობდა. თამარ ღვამიჩავამ სატელეფონო ზარს და სმს შეტყობინებას არ უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა 23 ივლისს წარადგინა .

თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე ჩაანაცვლა.  22 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის თანამდებობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ახალი წევრის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი. კონკურსში განაცხადი 14-მა კანდიდატმა წარადგინა.