პრეზიდენტის მიმართვა: დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს

პუბლიკა

„საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 25 ნოემბერს პარლამენტის შენობაში გამართულ სხდომის შეფასებისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ახალ არჩევნებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდა თაობის ჩართვის მნიშვნელობაზე.

ზურაბიშვილის მიმართვას გთავაზობთ სრულად:

„მოგესამლებით, მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან.

მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია.

მეცოდებიან ყველა ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით, თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ, არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია.

მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმებისა თუ დაჩოქების.

სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია. უნდა მოემზადონ იმისათვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან მალე, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა.

ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება ახალი არჩევნების დრო, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არაკალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის.

ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არაა, რომ ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება, თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად არ არიან მზად, რომ მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი ყველას ერთად.

მე როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე ყოველ ჯერზე, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები, და მე აქ ვიქნები, ეს უკვე გიტხარით და და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.