რუსთაველის გამზირზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
გამოსვლის დროს პრეზიდენტს მიკროფონი გამოერთო. უცნობია, რა პრობლემა შეიქმნა. რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტმა მიმართვის გაგრძელება რუპორით შეძლო.
„პუბლიკა“ გთავაზობთ პრეზიდენტის სრულ სიტყვას:
„ესაა ძალიან სიმბოლური ადგილი, სადაც ახლა ვდგავარ თქვენს წინაშე. ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი. ჩემს ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებენ და უყურებენ ამ ახალ საქართველოს, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით. რომელიც ხვალ, ზეგ, იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან ევროპული საქართველო. ამას ვერავინ გააჩერებს. მართალია, თქვენ აქ რაღაც 300 კაცი ხართ; მართალია, დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები თუ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა; მართალია, რომ მე დამპირდნენ, რომ გისოსებს უკან ვიქნები მალე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?!
არ გვეშინია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ესაა კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილს შორის. აქ სუფევს მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება.
დღეს აქ მრავალთა მარშს შორის მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი – ანწუხელიძის მარში და სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვარ ვალდებული, ხართ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსა, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დათმო და ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომელთა გამოც აქ ვდგავართ, თორემ საქართველო არ იქნებოდა, მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება, არ თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართლები ხართ თქვენ!
პირველ რიგში მე რას გავაკეთებ – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც ფეხქვეშ გათელეს, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო და მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის და ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ, ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს და ერთგულია იმ პარტნიორების, რომლებმაც აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი.
მე ვარ და ვიქნები ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლდ ამ ხალხის, რომელიც, აქ დგას. არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები. [მიკროფონი გაითიშა]
[…] არ ისმის, მაგრამ მინდა, გავაგრძელო. აქ ყველაფერი მარტივადაა. არჩევნები არ შედგა და არა მხოლოდ არ შედგა არჩევნები, არ არის არავისგან აღიარებული. არ არის აღიარებული თქვენგან, რაც მთავარია და არ არის აღიარებული უცხოელი პარტნიორების მიერ. ეს არჩევნები როცა არაა აღიარებული და როცა არის არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური ხელისუფლება, მაშინ ვართ ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ფორმულაა მთელ მსოფლიოში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გამოსვლა ღრმა კრიზისიდან – ესაა ახალი არჩევნები. ამიტომ მე, რომელიც აქა ვარ და აქ ვიქნები, ვეპატიჟები ივანიშვილს, მისი პარტიის კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა; ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში და ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. მობრძანდით ორბელიანების სასახლეში და მოვილაპარაკოთ. სალაპარაკო ერთია – როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ამ მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო არის.
[…] მოვიდეს ივანიშვილი სასახლეში და მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ რიცხვი არჩევნების დანიშვნის შეთანხმებული იყოს 29-მდე.
29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა შევინარჩუნოთ, რომ ამ ქვეყნიდან გავიდეს მსოფლიოში მაგალითი დემოკრატიის, შერიგების. მე ველოდები პასუხს, რომ ეს ყველაფერი ნათელი იყოს. ხვალ საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან, როგორც ჩანს აქ სცენაც დაგვიპატიმრეს და ხმაც დაგვიპატიმრეს“, – თქვა პრეზიდენტმა და გამოსვლა დაასრულა, რადგან მიკროფონი გაითიშა და მისი სიტყვით გამოსვლა რუპორით აქციაზე აღარ ისმოდა.
„დროას“ განცხადებით, პოლიციამ რამდეჯნერმე შეაფერხა მანქანები, რომლითაც რუსთაველზე სცენისთვის საჭირო ინვენტარი გადააქვთ.
მათი ბოლო პირდაპირი ეთერის მიხედვით, პოლიციას შეფერხებული ჰყავდა მანქანა, რომელსაც გენერატორი გადაჰქონდა, მანამდე შეაფერხეს დინამიკებით დატვირთული 2 მანქანა, თუმცა პარტიის ლიდერების და მოქალაქეების ძალისხმევით, ეს მანქანები საბოლოოდ გაატარეს.
ადგილზე მყოფ პოლიციას მედიისთვის განმარტება არ მიუცია. სცენა პირველ გიმნაზიასთან იმართება.
მანამდე „საფარის“ დირექტორმა ბაია პატარაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სცენის ინვენტარით დატვირთული მანქანა 112-მა გადაიყვანა. „პუბლიკა“ ცდილობდა ამ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა შსს-სგან პასუხი არ მიგვიღია.
ამ ინფორმაციას გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც სცენიდან აქციის მონაწილეებს უნდა მიმართოს.
„დღეს ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება“, – დაწერა მან.