დღეს, 17 დეკემბერს 15:00 საათიდან საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია „არ მოკლა პრეზიდენტი!“ იმართება. აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
აქციის ორგანიზატორი, „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძეა. მისი თქმით, ხვალ, 18 დეკემბერს, 15:00 საათზე აქცია გაიმართება ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც. მუმლაძე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
„ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ მოკვდა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად იქნება დესტაბილიზაცია და საქართველო დაკარგავს ევროინტეგრაციის შანსს. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, ბოლომდე ვიბრძოლოთ და სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, რომ არ გაბედოს და არ იყოს სრულად იმ გეგმის მონაწილე, რასაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ჰქვია.
გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია და სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილს უნდა ვაიძულოთ, რომ მან გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და არ გვაქციოს „კანიბალების საზოგადოებად“. ამიტომ, 22 დეკემბრისთვის ვახდენთ მაქსიმალურ მობილიზებას იმისათვის, რომ სწორედ ეს სივრცე გახდეს პერმანენტული აქციების ეპიცენტრი“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.