პრეზიდენტის სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო ხატია ჯანაშია დააჯარიმეს

პუბლიკა

წუხელ საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს ახალშექმნილი ანტიდასავლური მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენელი ხატია ჯანაშია. 

ამის შესახებ ინფორმაცია პროპაგანდისტული POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გაავრცელა Facebook-ზე და ამავე პოსტში დაიმუქრა პრეზიდენტის მისამართით, რომ „ჩვენი საზოგადეობა ამ 1000 ლარს ძმრად ამოგადენთ“. ის ხატია ჯანაშიას დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, კიდევ დააჯარიმეს თუ არა ვინმე. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს,  ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პრეზიდენტის სასახლესთან, როგორც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ორი მოქალაქე მივიდა. ერთ-ერთმა ევროკავშირის დროშა დაწვა.