„მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში, როგორც ერთ-ერთი უძველეს ევროპულ ქვეყანაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
იმის მიუხედავად, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე საერთაშორისო ვიზიტების გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ევროპის ქვეყნებში ვიზიტებს გააგრძელებს.
„ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია, გააკეთოს. ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს – არ მისცეს საშუალება, სხვადასხვა საკითხებით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარი არის, რომ ჩვენ ყველას – ქვეყანას, საზოგადოებას უნდა ეს ევროპული მომავალი, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს. სხვა მომავალი და ამას მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება დღეს იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს. მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს. არავინ არ შეგვაშინოს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ვერავინ ვერ დაგვაკარგვინებს. ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ოცნებამ” 1 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. „ქართული ოცნება” ზურაბიშვილს იმპიჩმენტს უცხადებს იმის გამო, რომ მან ვიზტები ევროპაში მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამართა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, პრეზიდენტმა ამით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.