სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”. – ამბობენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.