პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა

პუბლიკა

არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა:

„დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში გაიმართება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად.

დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის.

ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას.

ისევე როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია, მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ვართ; სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.