პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსზე განკარგულება გამოსცა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებაზე განკარგულება გამოსცა.

პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საკონკურსო კომისიაც, რომელმაც ვაკანტურ თანამდებობებზე პრეზიდენტისთვის წარსადგენი კანდიდატები უნდა შეარჩიოს. კომისიაში შედიან:

გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ნიკოლოზ სიმონიშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
თათია ქინქლაძე – ა(ა)იპ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა-დოების პროექტის კოორდინატორი;
ლევან ნატროშვილი – ა(ა)იპ – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
არნოლდ სტეფანიანი – ა(ა)იპ – კავშირი საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
ზვიად გაბისონია – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
მარინე ჩიტაშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
სოფიო მიდელაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
გიორგი იაშვილი – სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
რევაზ კლდიაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
შალვა ქურდაძე – ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.


ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 30 ივნისს გახდა, როცა თამარ ჟვანია გადადგა. მისი თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება მისცემდა საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აერჩიათ ცესკოს ახალი თავმჯდომარე.

„იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის”, – წერდა ჟვანია facebook-ზე, გადადგომის მიზეზების განსამარტად.