პრეზიდენტმა და პრემიერმა შობა მიულოცეს მათ, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შობის დღესასწაული მიულოცეს ყველას, ვინც მას 25 დეკემბერს ზეიმობს.

„საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას!“, – ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მილოცვაში.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ქრისტიანებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა მივულოცო ეს დღე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია“, – ნათქვამია მის მიმართვაში.

კათოლიკე ეკლესია, პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა და 10 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია შობას 25 დეკემბერს ზეიმობს.