„პრეზიდენტმა ძალადობის რომანტიზება მოახდინა“ - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკვირს, „როგორ ახერხებენ პოლიტიკური ჯგუფები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალადობის მიმართ გამოხატონ სიმპათია თუ ემპათია“.

მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ პრეზიდენტმა ძალადობის რომანტიზება მოახდინა.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე ტინეიჯერები. ეს სირენები იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები, ანუ ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც პრეზიდენტი რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე ტინეიჯერებისა, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც მიმდინარეობს პოლიციის მიერ წესრიგის აღდგენის ოპერაცია, პრეზიდენტისგან ხალხი მშვიდობისკენ მოწოდებას მოელის და არა რომანტიზებით პოლიციის დაუმორჩილებლობის წახალისებას.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა სირენების ხმაზე მოცეკვავე ახალგაზრდების ვიდეო და დაწერა: „ისინი ცეკვავენ სირენების ხმაზე. მაგარი ახალგაზრდების თაობა“.

თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.