პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას ხელი მოაწერა

პუბლიკა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას ხელი მოაწერა. ამასთან პრეზიდენტმა ვეტო დაადო „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით „ანტიევროპულია კანონია“.

„საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია. OFAC-ის განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა, ალექსანდრ ონიშენკომ და თავად FSB-მ „გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ფარცხალაძეს 2022 წლიდან რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული და ამის მიუხედავად მისთვის არ შეუწყვეტიათ საქართველოს მოქალაქეობა, იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მიმართა.

თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა და ის უნდა დასჯილიყო როგორც საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს „გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდველს“ უწოდებენ.