პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კონკურსი გამოაცხადა

პუბლიკა

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა და დამოუკიდებელი კომისია შექმნა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 ივლისს უფლებამოსილება ეწურება იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას.

პრეზიდენტმა ახალი წევრი არაუგვიანეს 15 ივლისისა უნდა დანიშნოს.

ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“.

„ქარტიის“ მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოვებელი კომისიის მიერ.

კომისიის წევრები არიან:

  • გურამ იმნაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ქეთევან ერემაძე – ილიაუნის პროფესორი
  • ბესიკ ლოლაძე – სეუ-ს პროფესორი
  • ნონა ქურდოვანიძე – საიას თავმჯდომარე
  • თამარ ლალიაშვილი – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი
  • გიორგი დავითური – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი – „პუბლიკის“ დირექტორი

„პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

აღნიშნულის მიუხედავად, კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისთვის, ასევე შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 21 ივნისს შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისია შეისწავლის კონკურსში მონაწილეთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ასევე და უმთავრესად, კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, კომისია შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანდიდატების შესახებ.

კომისიის შეთავაზება სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ ზღუდავს საქართველოს პრეზიდენტს შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს შორის კანდიდატის შერჩევაში“, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.