პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის კვლევისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა მარინე ჩიხლაძეს ღირსების მედალი გადასცა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ასევე, ბესიკ მზექალაშვილი, ზურაბ მზექალაშვილი, გიორგი შიოშვილი და სიმონ ჭიჭოშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროს მოღვაწეებს გადასცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

„ერთი მხრივ, ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლე – ის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის და ამავე დროს, ის არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთგვარი მუზეუმი, სადაც იმედი მაქვს, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ხელახლა დავიწყებთ ახალგაზრდებისა და სკოლის მოწაფეების მიღებას, რათა გაეცნონ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილს, არამედ ზოგადად, ჩვენს სიმდიდრეს მუზეუმების კუთხით.

სხვადასხვა ზომის პატარა მუზეუმებთან ერთად, ჩვენ უდიდესი ეროვნული მუზეუმი და ასევე, ხელოვნების მუზეუმი. აუცილებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც ჩვენ შეგვიძლია წარვდგეთ მუზეუმში დაცული სიმდიდრეებიდან გამომდინარე. ასე, რომ მისი ბედი ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას უნდა დავაკვირდეთ, რომ ვანახოთ როგორ გადაწყდება ეს საკითხი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.