პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტს ხელი მოაწერა

პუბლიკა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. გრიგორიადისი საპატიმროს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს.

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი – 9-წლიანი პატიმრობა სასამართლომ 12 აპრილს გამოაცხადა. ამავე საღამოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მას შეიწყალებდა.

მას შემდეგ ლაზარე გრიგორიადისის საპატიმროდან გამოშვების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული.

მას 2023 წლის 25 სექტემბერს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მამის დაჭრის საქმეზე, რომლის განხილვა სასამართლომ დაწყებიდან 2 წლის შემდეგ განაახლა.

მარტის აქციების საქმეზე ლაზარეს დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს „სატანისტები“ უწოდა. მოგვიანებით, მან ლაზარეს მიმართ გამოიყენა სიტყვა „ბინძური“ და განაცხადა, რომ მას „ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან“.

ხელისუფლების ლიდერებმა ლაზარეს არაერთხელ უწოდეს „ორიენტაციაარეული“. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“.

ლაზარე გრიგორიადისზე თავდასხმას დღემდე აგრძელებენ მმართველი პარტიის წევრები.