პრეზიდენტმა მწერალი ხასო ხანგოშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პუბლიკა

პრეზიდენტმა კავკასიელ ხალხთა, ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მწერალი ხასო ხანგოშვილი (სიკვდილის შემდეგ) ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სალომე ზურაბიშვილი პანკისში, სოფელ დუისში ჩავიდა და ხასო ხანგოშვილის ოჯახს ჯილდო პირადად გადასცა.

„როგორც მწერალს, მას უკვე გადაეცა ჯილდო. ჯილდო, რომელსაც დღეს მას გადავცემთ სახელმწიფო ჯილდოა, და მე მინდა, რომ ეს სახელმწიფოს მადლიერების გამოხატულება იყოს ამ დიდი ადამიანისა და დიდი პიროვნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ კავკასიის კულტურა შენარჩუნებულიყო და საქართველოს ამ საუნჯის ბოლომდე გაცნობა და შენახვა გაეგრძელებინა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მრავალფეროვნებაა, ეს ტოლერანტობაა, რომელიც ოდითგან მოდის და რომელიც დღეს ზოგჯერ გვიჭირს, აღარ ვიცით რას ნიშნავს სინამდვილეში, და ზოგჯერ, ვიტყოდი, ვიფანტებით. მაგრამ, ჩვენი ჭეშმარიტი კულტურა, ჭეშმარიტი ქართველობა სწორედ იმაშია, რომ ქისტი იქნება, თუ სხვა წარმოშობის, სხვადასხვა ეთნოსები, რომლებიც ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან საქართველოს, არ დავივიწყოთ”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ქისტი მწერალი, ხასო ხანგოშვილი 80 წლის ასაკში 15 ნოემბერს გარდაიცვალა. ის პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი იყო და აქტიურად იყო ჩაბმული პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ის აქტიურად იკვლევდა ქისტების ცხოვრებას და ისტორიას. დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი ქისტების შესახებ, მათ შორის “ქისტები – 100 ამბავი” 2021 წელს წარდგენილი იყო ლიტერატურული პრემია “საბაზე” საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის კატეგორიაში.