პრეზიდენტმა ოლიმპიელები, პარალიმპიელები, მათი მწვრთნელები და ექიმები დააჯილდოვა.
ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
სპორტსმენები, რომლებმაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს, დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების და ბრწყინვალების ორდენებით.
დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენებიც, რომლებმაც თამაშებში მონაწილეობა მიიღეს, თუმცა, მედალი არ მოუპოვებიათ. მათ ღირსების ორდენები გადაეცათ, ისევე, როგორც ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელებს და ექიმებს.
დაჯილდოვდა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების” წევრი, რატი იონათამიშვილიც.
ღონისძიებას არ დასწრებია პრემიერ-მინისტრი.
დაჯილდოების დასრულების შემდეგ ოლიმპიური ქოროს ორგზის მფლობელმა, ლაშა ბექაურმა, რომელსაც წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი თქვა, რომ ეს ჯილდო ხალხისგან მიიღო, ხოლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ემიჯნება.
„ვფიქრობ, ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”. – თქვა ბექაურმა.
ლაშა ტალახაძე, რომელიც „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის #7-ია და მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იქნება, ამბობს:
„დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა. მე აქ ვარ. მე რა ჯილდოც მეკუთვნოდა, ჩავიბარე. ყველას წარმატება მინდა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ და ევროპაში შევალთ.
მოვალეობაც კი არის, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს დიდ წარმატებას, უნდა გადასცე ჯილდო. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. ნამდვილად დასაფასებელია თითოეული სპორტსმენის მხრიდან. აქედან გამომდინარე დიდ მადლობას ვუხდი მას”.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის მისამართით „ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს, ტალახაძემ უპასუხა: „ქვეყნის მოღალატეს მე არავის ვაკადრებ და არ ვუწოდებ“.