„პრეზიდენტმა პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალი მეზობლებად მოიხსენა“ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის განცხადებას აფასებს.

„რაც შეეხება [პრეზიდენტის] სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებას, მე მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას პირდაპირ და თამამად ვამბობ.

26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივუნიშნოთ პრეზიდენტს, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის სერიოზული პრობლემა.

რაც შეეხება სასამართლოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ასეა ეს, ამ არასწორი განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის ინსტიტუტის დაზიანება, თუმცა მან დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, შინაარსში, ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს უარგუმენტო განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს. თუმცა ეს თავისთავად შეიძლება აღსანიშნი არ ყოფილიყო იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტმა პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენულობაზე. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სასამართლოსთან დაკავშირებული არასწორი განცხადება არის არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.


რა თქვა პრეზიდენტმა 26 მაისს

პრეზიდენტის თქმით, ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, რაც უმსხვერპლოდ არ გახსნილა. მისი თქმით, საქართველოს ევროპასთან საერთო ფასეულობები აკავშირებს და ეს საერთო ფასეულობები ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს. პრეზიდენტის თქმით, ეს არის 4 მთავარი პრინციპი:

სამართლიანი სასამართლო; შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება; ქრისტიანობა, რომელიც სამყაროს ცენტრში ადამიანს მოიაზრებს და მისი თქმით, როდესაც ადამიანს ახსენებს, გულისხმობს ქალს, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე დღის წესრიგში დგას და მეოთხე – ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის თავიდან ასაცილებლად.

„ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თავისი გამოსვლის მეორე ნაწილში კი სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ.

გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას.

ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს“, – განაცხადა მან.