პრეზიდენტმა პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთში შექმნილი ვითარების ფონზე პრემიერს უშიშროების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.

„როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებული ვარ დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და ყველა შესაძლო გავლენას ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ.სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერც ერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შს მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ამავე დროს როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს უნდა ფლობდეს, ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, საკუთარი უწყების კანონის თანახმად, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვაა; ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც კანონით ევალება საგარეო რისკების განსაზღვრა და ქვეყნის თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც ამ მდგომარეობაში საგანგაშოა. ამიტომ იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც განხილული უნდა იყოს და დრო აღარ ითმენს. ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა. მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, რათა არ შეიქმნას არც უსაფუძვლო შიშები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს, ასევე, საბჭომ უნდა განიხილოს, არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. დაბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.