პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

პუბლიკა

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კოდექსში შეტანიი ცვლილებები აჩენს შესაძლებლობას, რომ მმართველმა პარტიამ ერთპარტიული გადაწყვეტილებები მიიღოს.

„ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ასევე პრეზიდენტის განცხადებით, მან ხელი მოაწერა „ანტიკორუფციულ კანონში“ ცვლილებების პაკეტს. თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას.

ზურაბიშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის რეალურად გაზრდის რეფორმა მიერ შემუშავებულ „ქართულ ქარტიაშია“ ასახული. მის მიერ შემოთავაზებული რეფორმა გულისხმობს ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას, მისი ხელმძღვანელი კი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

„დღევანდელი მოცემულობით, ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ასევე ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა;

პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა, რაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.