საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
„ახალი კორონავირუსის მასობრივად გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგოამრეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განცხადა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების თაობაზე მიმართა.
„დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მთავრობამ პრეზიდენტს ოფიციალურად გაუგზავნა განცხადება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისი ჩათვლით გაგრძელების თაობაზე“.
პრეზიდენტის მიერ ბრძანების გამოცხადებისთანავე იგი ძალაში შევა, რომელსაც შემდგომ პარლამენტი მიიღებს.