პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სარჩელს ხვალ დილით შეიტანს.

სარჩელის საფუძველია არჩევნების ფარულობის და საყოველთაოობის დარღვევა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას შორისაა არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ დავის განხილვა;

კანონის მიხედვით, ჩატარებული არჩევნების ან მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.

ამგვარი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს:

ა) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას;

ბ) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ (ცალკეული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით) ბათილად ცნობას, თუ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმატიულმა აქტმა ან მისმა ნაწილმა არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შესაძლებლობაზე 15 ნოემბერს წერდა კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, სარჩელის საფუძველი შეიძლება გახდეს ის, რომ ჩატარებული არჩევნები კონსტიტუციით დაცული საარჩევნო უფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ პრინციპებს შორისაა ხმის ფარულობა და ნების თავისუფალი გამოვლენა.

მენაბდეს განმარტებით, სარჩელით პრეზიდენტს შეუძლია, მოითხოვოს ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა და შედეგების ელექტრონული ნაწილის ბათილად ცნობა.

როგორც ის წერს, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეაფერხებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას.

მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხსენებას წარუდგენს პარლამენტს, რაზე დაყრდნობითაც დგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ.

მენადბეს თქმით, სიაში არ შეიტანება ის, ვისი დეპუტატად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში.

იმისთვის, რომ პარლამენტი უფლებამოსილად იქნეს ცნობილი, კენჭი უნდა ეყაროს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილებას. თუ უფლებამოსილებაცნობილ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რიცხვის შევსება.

პარლამენტი, სავარაუდოდ, 25 ნოემბერს შეიკრიბება.

ვახუშტი მენაბდე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

„სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს, პროცესმა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება მოიგოს, რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება. პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით მას არავითარი დისკრეცია არ აქვს. უმაღლესი საკანონმდელო ორგანოს არ შეუძლია ცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, ვისი არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო თუ მათი რაოდენობა 51-ზე მეტია, საკანონმდებლო ორგანო სრულ უფლებამოსილებას ვერ იძენს. ზემოთ აღწერილი სარჩელის შემთხვევაში კი 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული“, – წერს ვახუშტი მენაბდე.